რა არის საკადასტრო კოდი?
უძრავ ქონებას და ხაზობრივ ნაგებობას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უნიკალური საკადასტრო კოდი ენიჭება საჯარო რეესტრის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების მიხედვით
უძრავი ნივთის და ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო კოდის ფორმირების წესი:
უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი იცვლება აზომვითი ნახაზის საფუძველზე ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტებისას, ზუსტი სარეგისტრაციო საზღვრების (ზონა, სექტორი, კვარტალი, ბლოკი) შესაბამისად ბოლო რიგითი ნომრის მინიჭებით.
უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება საკუთრების უფლების გაუქმებისთანავე.
უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება და ახალი კოდი ფორმირდება საკადასტრო ერთეულების გაყოფის ან გაერთიანების შედეგად.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერში უძრავ ნივთს ძველი საკადასტრო კოდი მიეთითება წინა საკადასტრო კოდად.
საკადასტრო კოდის ტიპიური მაგალითი: 01 . 02 . 03 . 004 . 005 . 006
01 - ზონა
02 - სექტორი
03 - კვარტალი
004 - ბლოკი
005 - ნაკვეთის ნომერი
006 - კოდი
საკადასტრო რუკა
საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების / ნაგებობების, საკადასტრო მონაცემთა ბანკში აღრიცხული უფლება დაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის / საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ, ასევე, ამ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
რას ნიშნავს საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება?
საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადება ნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების და ნაგებობების შესახებ მასთან არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის (ქაღალდის ვერსიის) გაცემას.
საკადასტრო რუკა ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
რას ნიშნავს საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიის მომზადება?
საკადასტრო რუკის ელექტრონული ვერსიის მომზადება ნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების და ნაგებობების შესახებ მასთან არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის (ელექტრონული ვერსიის) გაცემას.
საკადასტრო რუკა ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
როდის დგება საკადასტრო რუკის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის მომზადების საჭიროება?
საკადასტრო რუკის მომზადება საჭიროა იმ შემთხვევაში თუკი პირი დაინტერესებულია კონკრეტული ტერიტორიასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით (მაგ. საკადასტრო მონაცემები, ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ნაგებობები, მათი საკოორდინატო ბადე, საკადასტრო კოდები და ა.შ).
ვისთვისაა განკუთვნილი საკადასტრო რუკის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის მომზადების სერვისი?
აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო თუ გრაფიკული მონაცემების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიღება.
ვის მივმართო საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის?
საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება ;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკადასტრო რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ იუსტიციის სახლში: +995 32 405 405
|